
ხმაური იყო თელავის აგრარულ ბაზართან, გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიის დატოვებასა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაფრთხილება ორი დღის წინ მიიღეს და განუმარტეს, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, საქმეში პოლიციაც ჩაერთვება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ადგილები არ არის და გადასახადიც ძვირია, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ. მათივე თქმით, უმეტესობას საბანკო ვალდებულებები აქვს აღებული და თანაც, არამალფუჭებადი პროდუქტებით ვაჭრობენ. ადგილზე მყოფმა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორია “მთავარი არხის” გამოჩენისთანავე განმარტებების გარეშე დატოვა.
ავტორი: ია გულიაშვილი