ორგანიზაცია "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" ფეისბუქ გვერდზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პოსტში ნათქვამია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ქუჩაში გამვლელი გოგონები შეავიწროვა, პოლიციამ კი ის გაუშვა და სამართალდამცველებს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ჰქონდათ პრეტენზია:
"საშინელი შემთხვევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც ორგანიზაციის წევრებს გადაგვხვდა ცოტა ხნის წინ პარლამენტთან.
მოულოდნელად, დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი მოვიდა ჩვენთან, საშინლად არაფხიზელ მდგომარეობაში, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ გოგონას დაუწყო კომპლიმენტების კეთება, აგრეთვე ახსენებდა, რომ რაღაც მიღებული ჰქონდა (სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება) რაც, ბუნებრივია, თავიდანვე უარყოფითად მივიღეთ, შემდეგ ეს ადამიანი უმალვე ადგა და მივიდა ქუჩაში გამვლელ ერთ-ერთ გოგოსთან და ფიზიკურად შეეხო, ამ გოგონას შეეშინდა და სწრაფად გაეცალა, მომენტალურად კაცმა გადაინაცვლა პარლამენტთან მსხდარ აშკარად არასწრულწლოვან ორ უცხოეულ გოგოსთან, ჩვენ ამ ყველაფრის პარალელურად მომენტალურად გავიქეცით მისკენ და პარალელურად დავუძახეთ იქვე მდგარ პოლიციას, ამ პერიოდში ამ ადამიანმა შეგვაგინა და ფიზიკურად გამოიწია. პოლიციის ერთ-ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული წარმომადგენელი პირიქით ჩვენთან გადმოვიდა მკაცრი ტონით და გვეუბნებოდა რომ არ შეიძლებოდა ადამიანისთვის უსაფუძვლო ბრალდების წაყენება, აქცენტს არ აკეთებდა მამაკაცის მიერ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე და შესაძლო დარღვევად განიხილავდა მხოლოდ შეგინებას. პარალელურად, სხვა პოლიციელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესაუბრებოდა მოძალადეს გამოკითხვის მიზნით.საბოლოოდ, მამაკაცი პოლიციამ რამდენიმე წუთში გაუშვა.
შეგახსენებთ, სიტუაცია მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. ყოველივე ეს კი იდეალურად ხსნის პედოფილიის და სექსუალური შევიწროების გახშირებულ ფაქტებს" - წერს "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის"