"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და სოლიდარობის თემი მოუწოდებენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.
"დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ყავს არცერთი გინეკოლოგი. ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქვე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პრაქტიკა, რომელიც ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ზაფხულობით იალებზე ოჯახების ცხოვრების საჭიროებას და ტრადიციას უკავშირდება. ორსული ქალებისთვის მაღალმთიანი იალებიდან ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტად რთულდება და როცა მუნიციპალიტეტის ცენტრში ისინი სათანადო სერვისის მიღებას ართულებს, ეს ორმაგად ამძიმებს მათ ყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია ამბობს, რომ 17 ივლისს სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური პასუხის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს "ევექსის კლინიკები" - ხულოს კლინიკა, სამშობიარო განყოფილების არ არსებობის მიზეზი კი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მშობიარობების რაოდენობის სიმცირეა (2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა), რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას.
2023 წლის 1 ივნისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექიმმა მეან-გინეკოლოგებმა შეწყვიტეს ხულოს კლინიკის სტაციონარში (სამშობიაროში) საქმიანობა.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს მიდგომა ერთის მხრივ, არ ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტში შობადობის რეალურ სტატისტიკას, რომელიც მაღალია (მაგალითად 2015 წლიდან 2022 წლამდე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა შესაბამისად, 446,456,470,477,429,294,322,311,285 ბავშვი) და უგულებელყოფს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობას ქალების რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.
"ასვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობიარო განყოფილების გაუქმებამდე იქ მომუშავე პერსონალს, გინეკოლოგებს არ ჰქონდათ ღირსეული შრომითი პირობები. მათი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ევექსის კლინიკამ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მოუწიათ სამსახურის დატოვება.
წერილში ერთი მხრივ აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონში პერინატალური სერვისის არსებობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა ასევე საუბარია კომპანიასთან მიმდინარე შეთანხმების პროცესზე სერვისების განსაზღვრის თაობაზე, რაც გაურკვევლად/ბუნდოვნად ტოვებს იმას, თუ კონკრეტულად რა ვადებში გადაწყდება აღნიშნული საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ შექმნილი მძიმე ვითარება მიუთითებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხება ქალებისა და მუცლად მყოფი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას