საქართველოში ძლიერ სიცხეებია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზით, აგვისტო გასულ წლებში დაფიქსირებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით 2-3 გრადუსით უფრო ცხელი იქნება.
ექიმები მოქალაქეებს სითხეების მიღებას და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ეკოლოგები კი ანომალიურ სიცხეებს კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო ცხელი იქნება.
მსოფლიო მეცნიერებმა კი გლობალურად უკვე აღიარეს 2023 წლის ივლისი, როგორც ყველა დროის ყველაზე ცხელი თვე, მიუხედავად იმისა რომ მის დასრულებამდე ჯერ კიდევ 3 დღეა დარჩენილი. ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ ქვეყნები ბოლო 2 კვირაა ანომალიურ სიცხეს და მისგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
თავი აარიდეთ სიცხეს
გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!