სამეგრელოში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, მაშინ როდესაც ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა ხიდზე გადადიოდა. ცნობილია, რომ ხიდმა სწორედ მის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
სატვირთოს მძღოლი, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.
ცნობილია, რომ ხიდის მეორე მხარეს, გარახას მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ასფალტი საფარს აგებდნენ და სწორედ იქ მიდიოდა სატვირთო მანქანა.
მაშველები მდინარე ოჩხომურიდან თვითმცლელი სატვირთო მანქანის ამოყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ხელისუფლების და სამშენებლო კომპანიის დაუდევრობა, რომ ხიდი, რომელიც ვადაგასულია და მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვის იყო დაშვებული, სამშენებლო მასალების გადასაზიდად გამოიყენებოდა. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომები უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ მომხდარიყო.
ავტორი: ემა გოგოხია