უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აჩიკო დევრისაშვილი გუშინ, 27 ივლისს, ბახმუტის მიმართულებაზე დაბომბვას ემსხვერპლა.
დევრისაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. უკრაინაში ის დანაყოფ "შავ არწივში" ირიცხებოდა. ეს დანაყოფი უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტის მიმართულებით იბრძვის.
"დილით გამთენიას დავიწყეთ ოპერაცია. განადგურებული იქნა მტრის მრავალი ცოცხალი ძალა, უშუალო შეტაკება იყო უშუალო კონტაქტის დროს. ქვედანაყოფმა მოახდინა ერთ-ერთი პოზიციის განადგურება, სამწუხაროდ, მოხდა აგაეცის ტიპის იარაღიდან დაბომბვა და ამ დროს აჩიკოს მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა ოპერაციაში, რომელიც თებერვლიდან ჩვენს დანაყოფს ჩაუტარებია. ის იყო დაჭრილი, ჯონი ოდიშვილი რომ გარდაიცვალა, აჩიკო დევრისაშვილი მაშინ დაიჭრა", - თქვა "შავი არწივის" მეთაურმა ვაკო სულაძემ "მთავართან".
დევრისაშვილი გუშინვე გამოასვენეს ფრონტის ხაზიდან, მას კიევში გადაასვენებენ. უკრაინის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი დევრისაშვილის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ. ჯერჯერობით უცნობია სამშობლოში ჩამოსვენების ზუსტი დრო.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.