საპროტესტო აქცია სოფელ გორდში - ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ისინი მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. გაზის, სასმელი წყლისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ. 300-ზე მეტ ოჯახს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგიაც.
"ელემენტარული, 21-ე საუკუნეში გაზი უნდა იყოს ამოყვანილი, იმიტომ, რომ ბევრად რთულ პერიფერიებშია აყვანილი გაზი. განათებები ყველგან...პლუს, უკვე თქვეს, რომ შუქის პრობლემაა სერიოზული. იმიტომ, რომ კვირაში 3 დღე შუქი არ გექნება, არ შეიძლება უბრალოდ, ელემენტარული. შესაბამისად, ინტერნეტი უკეთესი უნდა იყოს. რაღაცა ინტერნეტებია, რომელიც საერთოდ არ მუშაობს," - ამბობს ხონის ერთ-ერთი მცხოვრებელი.
ადგილობრივების თქმით, წლებია სოფელში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. ბავშვებს განათლების მიღება კერძო სახლებში მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეებში უწევთ.
ამას გარდა, მოსახლეობა მთის ფერდობზე კარიერის მშენებლობასაც აპროტესტებს და ამბობს, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ისინი იძულებულები იქნებიან სოფელი დატოვონ. მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემები არ მოგვარდება, აქციებს სისტემურ ხასიათს მისცემენ.