აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდებიან. დღეს მოქმედ ადმინისტრაციასა და ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად წარდგენილი სიებისა და მეცნიერ-მკვლევარების ახლობლებმა საკუთარ სახლებში შესვლის ნებართვა ვერ მიიღეს.
''შეიძლება რაღაც შეთანხმება შედგეს, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით არაფერი. ვადები ვკითხეთ, როდიდან როდემდე შემოვა მძიმე ტექნიკა, მაგასაც ვერ გვეუბნებიან, პროექტში რა წერია, ვერ გვეუბნებიან. შეიძლება სამი თვე არ ჩამოვიდეს ის მძიმე ტექნიკა. პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ უნდათ, რომ შეგვიშვან. რეალურად, რეაბილიტაცია კი არაა მიზეზი, უბრალოდ არ უნდათ, რომ ჩვენ იქ ვიყოთ. ჩვენ უნდა დავემშვიდოთ ჩვენს ბავშვობას, ჩვენს მოგონებებს ყველაფერს. ჩვენი ბინები უნდათ, მეტი არაფერი. არ ვიცი რა არის კიდევ ამის უკან. არ გვეუბნებიან რეალურად რა არის ამის უკან.'' - განაცხადა ობსერვატორიის თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა 60-მდე ოჯახს საკუთარ სახლში შესვლა შეეზღუდა. ობსერვატორიაში მიზეზად საერაბილიტაციო სამუშაოებსა და უსაფრთხოებას ასახელებენ. ამ მიზეზს კი აბსურდულს უწოდებენ თანამშრომლების ოჯახის წევრები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილების უკან კონკრეტული ბიზნესინტერესები იყოს. ცნობილია, რომ საერაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.