გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს - კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევაზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს.

 ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა წლებია პრობლემური საკითხია და ამას კანონმდებლობაც ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ. ამასთან, ხარვეზიანია ინსპექტორის არჩევის წესიც.

"დამოუკიდებელი ინსპექტორი უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს მოსამართლეთა დისციპლინირების პროცესში. სწორედ ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელების და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიების თაობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პოზიციაზე არჩეული ადამიანი სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და იყოს თავისუფალი როგორც გარე, ისე სასამართლოს შიგნით არსებული გავლენებისგან. იმ პირობებში, როდესაც კორპორატივიზმი სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ინსპექტორად საბჭოს ყოფილი წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს.

წლებია პრობლემურია ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები კანონმდებლობაში. მაგალითად, მისი არჩევის წესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად, საკმარისია საბჭოს წევრთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, მისი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერით. გარდა ამისა, ხარვეზიანია საბჭოს მიერ დადგენილი ინსპექტორის შერჩევის წესი, რომელიც არ ითვალისწინებს კონკურსის ჩატარების ძირითად პრინციპებს (ობიექტურობა, საჯაროობა, დისკრიმინაციის აკრძალვა) და პროცედურებს (შერჩევის კრიტერიუმები, გასაუბრების ჩატარების მიზანი და რეგულაცია, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხები, კანდიდატის შეფასება და მისი დასაბუთება).

პრაქტიკაშიც, დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესი ამჯერადაც გაუმჭვირვალედ ჩატარდა. კანდიდატებთან გასაუბრება საბჭომ დახურულ რეჟიმში ჩაატარა. საბჭოს ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების ვინაობა, არც მათი ბიოგრაფიები. დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიების ნაკლებობის ფონზე, გაუმჭვირვალე პროცესით არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორი, ხელს ვერ შეუწყობს დისციპლინირების პროცესის მიმართ ნდობას. ინსპექტორის დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტიანობის ხარისხთან, რომელიც პრაქტიკაში ინერტულად და გაჭიანურებულ ვადებში მიმდინარეობს.

გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად დამოუკიდებელ ინსპექტორად კლანისადმი ლოიალურად განწყობილი პირის დანიშვნა საფრთხეს უქმნის დისციპლინირების პროცესის სანდოობას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. აღნიშნული კი საბოლოოდ, აფერხებს სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას", - ნათქვამია განცახდებაში.

 შეგახსენებთ, შოთა ქადაგიძე რომელიც 2017-2021 წლებში იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას თავადაც იკავებდა, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად აირჩია. მას მხარი სხდომაზე დამსწრე 11-მა წევრმა, მათ შორის, ახლახან პარლამენტის მიერ არჩეულმა სამმა არამოსამართლე წევრმა, ერთხმად დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი