ბათუმის აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 19 ბათუმის ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 4 დაკავებულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. დაკავებულები ახლა სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან.
მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. უფლებადამცველების თქმით, მათ დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავების დროს მიიღეს.
დაზიანებები აქვს "დროას" ერთ-ერთ წევს, გენრი დოლიძესაც.
"როგორც მე ვნახე და ვიზუალურადაც მათ ეტყობა დაზიანების კვალი. თავად როგორც აცხადებენ ეს დაზიანებები მიღებული აქვთ პოლიციელების ძალადობის შედეგად, უშუალოდ დაკავების შემდგომ მოხდა მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება. როგორც გენრი დოლიძემ განაცხადა, როდესაც ის იცნო ერთ-ერთმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, წაქცეულს ფეხით ურტყამდა სახისა და სხეულის არეში. აქვს მრავლობითი დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, მოხდა მისი დათვალიერება. ასევე ჩაქცევები და ნაჟღენთები აქვს გიორგი გველესიანსაც და გუშინვე ჩაერთო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 პირი დააკავა. მოქალაქეები ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების, მათ შორის პუტინის მხარდამჭერი არტისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.