გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, კვირას, 30 ივლისს ისრაელის, საბერძნეთისა და თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე სამმა გემმა შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია და დუნაის დელტაში მდებარე უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ პორტში შევიდა.
გამოცემა წერს, რომ გემების გადაადგილებას NATO-ს ოთხი თვითმფრინავი აკვირდებოდა. Forbes-ის ინფორმაციითვე, გემები გადაადგილდებოდნენ იზმაილისკენ, უკრაინის პატარა პორტისკენ, რომელიც რუმინეთის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე დუნიაზე მდებარეობს.
"გემები, სავარაუდოდ, იზმაილში მარცვლეულს ჩატვირთავენ, შემდეგ კი ისევ შავი ზღვის გავლით უცხოეთის პორტებისკენ გაემგზავრებიან", - წერს Forbes.
ისრაელისა და საბერძნეთის გემები ბოსფორის სრუტიდან ჩრდილოეთით მიცურავდა, თურქულ-ქართული ხომალდი კი თურქეთიდან დასავლეთით.
Forbes აღნიშნავს, რომ არცერთი გემი მალულად არ მოქმედებდა. ყველას ჩართული ჰქონდა რადიო ტრანსპონდერები, რითიც მათი ადგილმდებარეობა და გადაადგილება ცნობილი იყო ყველასთვის, ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტსა და შესაბამის ვებსაიტზე.