ივანიშვილის ბაობაბები კენიიდან საქართველოსკენ დაიძრა - პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბაობაბები კენიიდან საქართველოში იგზავნება - 6 გიგანტურ ხეს გემზე გადასატანად უკვე ამზადებენ. მთავარ არხს ადგილიდან გამოუგზავნეს ვიდეოები, რომელშიც ჩანს, ხეებით დატვირთული სატვირთოები.

პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადგილობრივები უცხოელი ინვესტორის მიერ ბაობაბების ყიდვასა და ქვეყნიდან მის უკანონოდ გადატანას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ხეების გადაზიდვის დროს დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ჩამოგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც, კილოფის რეგიონი დენის გარეშეა დარჩენილი.

საკითხზე "მთავარ არხთან" ადგილობრივმა უფლებადამცველმა ისაუბრა. 

"ბაობაბების ტრანსპორტირება, რომლებიც გასული წლის ბოლოს ამოძირკვეს, ახლა საქართველოში ხდება. საზოგადოებაში ამან დიდი პროტესტი გამოიწვია, ჩვენ ყველასგან ვითხოვდით ანგარიშვალდებულებას და როცა ეს ამბავი საჯარო გახდა, ხმა მივიდა პრეზიდენტამდეც და ექსპორტის პროცესი შეჩერდა, ჩატარდა სასამართლოებიც და გვეგონა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული იყო და ამ ხეებს ისევ დარგავდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ხეების მყიდველი მდიდარი ადამიანია, რომელსაც პოლიტიკური კავშირები აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, ასევე შეუძლია პროცესებზე გავლენის მოხდენა კენიაში. ამ ხეების გადაზიდვის გამო დაზიანებულია გადამცემი ხაზები და სახლები, ასევე გზები, ხალხი ძალიან არის შეშფოთებული, - თქვა მთავართან სოფია რაჯაბიმ.

თემაზე უფრო ვრცლად "მთავარი არხი" სიუჟეტს "მთავარის" 21:00-საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი