"სანქცირებული ტვირთის შემოტანის 4 ფაქტის შესახებ გამოძიება დაიწყო, თუმცა სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება" | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მის მიმართ დაწესებული სანქციების პარალელურად, საქართველო არაერთხელ მოიხსენიეს რუსეთისათვის მიწოდების ჯაჭვის რგოლად.

ორგანიზაცია წერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებისა თუ დიპლომატიური კორპუსის მხრიდან გაჟღერებული მსგავსი განცხადებების ფონზე, საქართველოს ექსპორტისა თუ იმპორტის მაჩვენებლების და ორმაგი დანიშნულებისა და სანქცირებული ტვირთთან დაკავშირებული სიახლეების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. 

"ფლანგვის დეტექტორი" სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა და შესაბამისი წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ამ უწყებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაქვემდებარებულ საქმეთა გამოძიება ევალება.

ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის 5 ივლისს მივმართეთ და 2022 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 5 ივლისამდე საანგარიშო პერიოდის შემდეგი მონაცემები გამოვთხოვეთ:

  1. საზღვარზე სანქცირებული ტვირთის შემოტანის (ან შემოტანის მცდელობის) რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა და რამდენ შემთხვევაში გაბრუნდა ტვირთი უკან?
  2. სანქცირებული ტვირთის შემოტანის თაობაზე რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება?
  3. საზღვარზე სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში სულ რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება?

საგამოძიებო სამსახურის პასუხის თანახმად, აღნიშნული დროის მონაკვეთში  საზღვარზე სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება სავარაუდოდ სანქცირებულ ტვირთს, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაკავშირებით ოთხი სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან ინფორმაცია მანამდეც, 2023 წლის 18  აპრილსაც გამოვითხოვეთ. ვითხოვდით დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

  • საზღვარზე სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში სულ რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება? გთხოვთ, თითოეულ შემთხვევაში მიუთითეთ გამოძიების დაწყების თარიღი, პროდუქციის დასახელება და შესაბამისი პირი/კომპანია, ვის წინააღმდეგადაც დაიწყო გამოძიება;
  • საზღვარზე სანქცირებული პროდუქციის/ტვირთის აღმოჩენის შემდეგ რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება? გთხოვთ,  თითოეულ შემთხვევაში მიუთითეთ გამოძიების დაწყების თარიღი, სანქცირებული პროდუქციის/ტვირთის დასახელება და შესაბამისი პირი/კომპანია, ვის წინააღმდეგადაც დაიწყო გამოძიება. 

აპრილში გაგზავნილ წერილზე სამინისტრომ პასუხისგან თავის არიდება სცადა. კერძოდ, პირველ კითხვაზე გვიპასუხა, რომ 2022 წლიდან 2023 წლის აპრილის პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, კორესპონდენციაში მოხსენიებულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას არა იმის შესახებ, კონკრეტულად წერილის გაგზავნის მომენტში მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება, არამედ ცნობებს უკვე დაწყებული და დასრულებული გამოძიების შესახებაც. შესაბამისად, აპრილში სამინისტრომ ამომწურავი პასუხის გაცემას თავი აარიდა და ჩვენს შეკითხვას მხოლოდ ივლისში, წერილის მეორედ გაგზავნის შემდეგ უპასუხა. 

სავარაუდოდ სანქცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით დაწყებულ 4 საქმეს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ საქმის შესახებ არაფერია ცნობილი. მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილება მხოლოდ მხარესა და დაზარალებულს აქვს.

შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოვლენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს? დიახ, თუმცა თავად სამსახურის საიტზე არც სავარაუდო დანაშაულის და არც დანაშაულის ფაქტების შესახებ, რომელიც საზღვარზე სანქცირებული ტვირთის შემოტანას უკავშირდება, არაფერია ნათქვამი, - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი