რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში პირუტყვის დაავადების შემთხვევები გამოვლინდა. მერის წარმომადგენლის, ეგორ ქოთოიანის ინფორმაციით, "ემკარით" ბოლო ორ კვირაში სამი პირუტყვი მოკვდა.
"თავდაპირველად საქონელი ეილებში (საზაფხულო საძოვრებზე) დაიხოცა. შემდეგ დაავადება ჩვენს სოფელშიც გავრცელდა, რადგან მოსახლეობის ნაწილმა პირუტყვი თავის დროზე არ აცრა. ამიტომ მიიღეს ეს შედეგი. აქვე გეტყვით, რომ ეშტიაში საქონლის 90% აცრილია, მოსახლეობაც ინფორმირებულია დაავადებაზე. სხვა სოფლებში გავრცელებული არ არის, რადგან საქონელი აცრილი ჰყავთ",– ამბობს მერის წარმომადგენელი.
დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს, შესაბამისად, მეცხოველეებმა პრეპარატი საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინონ.
ექსტენციონისტ, კობა კოჩალიძის ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დაავადება „ემკარის“ (იგივე ჭრიჭინას) ინკუბაციური პერიოდი 1-2 დღეს გრძელდება, გამონაკლისს შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 დღე. დაავადება არ არის გადამდები. დაავადება ვრცელდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, ჩვეულებრივ, ცხელ, მშრალ ზაფხულში.