სახიფათო შენობები ქუთაისში - ქალაქში მრავლად არის ნაგებობები, საიდანაც ბათქაში, ქვები და ლოდები ცვივა. მოსახლეობის თქმით, ქუთაისში ქვეითებისთვის გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის.
რამდენიმე დღის წინ ქალაქის ისტორიულ უბანში, თეთრი ხიდის მიმდებარედ შენობიდან გადმოვარდნილი ქვები მოზარდს დაეცა, რის შედეგადაც არასრუწლოვანმა დაზიანებები მიიღო.
ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა შენობიდან ჩამოცვენილი ქვა ადამიანს დაეცა.
"ახლა საბედნიეროდ გადარჩა ბავშვი, მაგრამ იყო შემთხვევა ამ უბანში, რომ ნაგებობას მოწყდა ნაწილი და გარდაიცვალა გოგო, პატარა ბავშვი. ყოველ სეზონზე 3-4 შენობა არის, როცა ხან დიდი რაღაც ვარდება, ხან პატარა. ადამიანები შფოთდებიან ხოლმე, მაგრამ ისინი არა, ვისაც ეს ევალება რომ მოაგვაროს. მარტო უბრალო ადამიანები არიან შეწუხებული. ეტყობა, არ კმარათ ეს დაშავება და უფრო დიდი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ ვიღაცამ ყურები გამოიფხიკოს", - თქვა ირაკლი მაღლაფერიძემ.
ადგილობრივების ცნობით, საშიში ნაგებობების შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერია. ისინი უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.