მოვლენები სტიქიის ზონაში მოულოდნელად და ელვის სისწრაფით განვითარდა. კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ეპიცენტრში მყოფი ადამიანების უმეტესობა შენობებმა გადაარჩინა, რომელმაც მოწყვეტილი მთის მასა შეაჩერა, თუმცა 16 ადამიანი მაინც მოყვა მეწყერში, მათ შორის ბავშვები. ისინი შლამიდან იქვე მყოფებმა საკუთარი ძალებით ამოიყვანეს და გადაარჩინეს.
მეწყერი თავდაპირველად სასტუმრო ,,სანსეტ შოვშთან'' ჩამოწვა. პერსონალმა მალევე მოახერხა დამსვენებლების შენობიდან გამოყვანა და მეტნაკლებად უსაფრთხო ადგილას გაყვანა. ხალხი ცდილობა შემაღლებულ ადგილას ასულიყო, მათ შორის შენობების სახურავებზე.
სავარაუდოდ მოწყვეტილმა მთის მასამ მდინარის დაგუბება გამოიწვია. ცოტა ხანში ადიდებულმა წყალმა უკვე გზები დააზიანა. დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები. მთლიანად წაიღო ე.წ. მამისონის კოტეჯებიც. ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში შველას ითხოვდა.
ადგილობრივი მაშველები შეტყობინებიდან მალევე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა სტიქიის ზონაში იმდენად რთული ვითარება იყო, რომ ეპიცენტრამდე მისვლა შეუძლებელი გახდა. მათ დასახმარებლად მაშველები ლენტეხიდან და ლეჩხუმიდანაც ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით მაღალმთიანი რეგიონის სამაშველო სამსახური, უფრო კარგად აღჭურვილი, რომ ყოფილიყო ისინი უფრო ეფექტურად იმოქმედებდნენ.
გარე სამყაროს მოწყვეტილ შოვში ჩასვლა ადიდებული მდინარის და მეწყერის გამო შეუძლებელი იყო. ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდა შველას. მათი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ერთადერთი საშუალება ვერტმფრენი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის შემდეგ ჩაფრინდა. სტიქიის კუნძულზე დარჩენილი ადგილობრივებისა და დამსვენებლების გამოყვანა, მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა.