გეოლოგების განცხადებით, საქართველოში სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს მონიტორინგის სისტემები.
როგორც ისინი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობენ, შოვში რა დროს და სად ჩაისახა მეწყრული პროცესები, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან მონიტორინგის სისტემების არ არსებობის გამო, შესაბამისი მონაცემები არ აქვთ.
"ახალი გამოსაგონებელი ტექნიკა არ არის მონიტორინგის სისტემები, მაგალითად მდინარეზე, მეწყრულ ფერდობებზე, ჰაერის ტემპერატურაზე. ჰაერის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია ჰიდროლოგიურ-გეოლოგიურ საფრთხეზე ვლაპარაკობთ, ღვარცოფზე, მიწის მასაზე, რომელიც დიდი რაოდენობით წყალმა ჩამოიტანა დასახლებულ ტერიტორიამდე, მაგრამ ამ დროს ჰაერის ტემპერატურა მაგ რეგიონისთვის არის ერთ-ერთი გადამწყვეტი.
საჭიროა მონიტორინგის სისტემები, რომ ასე ბრმად რომ არ ვიყოთ. აღმოსავლეთში თუ ქრის, ესე იგი დასავლეთში წვიმს - დაახლოებით ესე რომ არ ვიყოთ და რომ გვქონდეს მონაცემები. ახლა რომ მკითხოთ რა მოხდა, საიდან დაიწყო, სად ჩაისახა პროცესი, ვერ გეტყვით - არ გვაქვს მონაცემები. ან რა რაოდენობის ნალექი მოვიდა, არ ვიცით", - ამბობს გეოლოგი ლაშა სუხიშვილი.
გეოლოგების თქმით, სტიქიის ეპიცენტრში, მდინარის კალაპოტთან ახლოს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ბევრი კოტეჯი და შენობა დაიდგა, რაც ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის იქ მცხოვრებლებისთვის.
მათი განმარტებით, კავკასია ურთულესი გეოლოგიის რეგიონია, შესაბამისად, მდინარის ჭალებში და შენაკადებთან ინფრასტრუქტურის განვითარება ჭკვიანურად უნდა მოხდეს.
ბოლო მონაცემებით, რაჭაში მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის ზონაში 31 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.