საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები და ორგანიზაციები შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს თანაგრძნობას უცხადებენ.
შოვში მომხდარის გამო სამძიმარი გამოთქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
"ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.
ამგვარი ტრაგედიის დროს ჩვენ მთელი გულით ქართველი ხალხის გვერდით ვართ", - წერს სამინისტრო.
სამძიმარი გამოთქვა საქართველოში თურქეთის საელჩომაც.
"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული პირების შესახებ.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.
გითანაგრძნობთ, საქართველო!", - წერს თურქეთის საელჩო.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა.
ორგანიზაცია სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების სწრაფად გადარჩენის იმედს გამოთქვამს.
"დამწუხრებული ვართ რაჭის რეგიონში მეწყერის შედეგად მომხდარი ტრაგედიით. ჩვენი გულითადი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს. იმედი გვაქვს, სტიქიის ზონაში მყოფი ყველა ადამიანი სწრაფად და უვნებლად გადარჩება", - წერს ორგანიზაცია.
გერმანიის სახელით სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.
"გერმანიის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ რაჭის რეგიონში, შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა არის დაღუპულებთან, დაშავებულებთან, ისევე როგორც შოვში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის ყველა მონაწილესთან", - წერს გერმანიის ელჩი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან შოვში მიმდინარე მოვლენებს და გულწრფელად უსამძიმრებენ საქართველოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის გამო.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი.
"ჩემი გულწრფელი მწუხარება მოძმე საქართველოს ხალხს, შოვის საკურორტო ზონაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვინც დაშავდა", - წერს ალენ სიმონიანი Twitter-ზე.
მომხდარ ტრაგედიას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
"გულითად სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც შოვში, რაჭაში, მასიური მეწყერის შედეგად ახლობლები დაკარგეს. ვიმედოვნებთ, რომ იმ ათეულობით ადამიანს რომლებიც დაკარგულები არიან, ჯანმრთელად იპოვიან.
ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით", - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს ღრმა მწუხარებას უცხადებს საქართველოში ამერიკის საელჩოც:
"ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია", - წერს საელჩო.
სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის საელჩომაც.
საელჩო სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს და მწუხარებას გამოთქვამს შოვში ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
"უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მოძმე ქართველს ხალხს და გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე", - წერს უკრაინის საელჩო საქართველოში.
სამძიმარი გამოაცხადა საქართველოში შვედეთის საელჩომაც:
"შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ მწუხარების დროს, გულითადად ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სტიქიის ზონაში ჩარჩენილები და დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან სახლში", - წერს საელჩო.
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა, შოვში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ.
გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.
გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში.
შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ" - წერია განცხადებაში
სამძიმრის წერილს აქვეყნებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც:
„გულწრფელად ვუსამძიმრებთ შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრით საქართველოს ხალხთან ვართ და წარმატებული სამაშველო ძალისხმევის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს - "ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა", – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
სამძიმარს გამოთქვამს საფრანგეთის დიპლომატიური უწყებაც:
''საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს.'' - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში
ბრიტანეთის საელჩო შოვში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ" - წერია განცხადებაში
სამძიმარს გამოთქვამს რუმინეთის დიპლომატიური უწყებაც:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან", – წერია განცხადებაში
სამძიმარს გამოთქვამს ნიდერლანდების საგარეო უწყებაც:
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება," - წერს ნიდერლანდების საგარეო.
სამძიმარს გამოთქვამს სერბეთის საგარეო უწყებაც:
"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ შოვის ტრაგიკულ მეწყერთან დაკავშირებით, რომელმაც სიცოცხლეები იმსხვერპლა. ჩვენი ფიქრები ახლა მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა. დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და წარმატებებს სამაშველო ჯგუფებს" - - წერია განცხადებაში
სამძიმარს გამოთქვამს ალბანეთის საგარეო უწყებაც:
"ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლებიც შოვის კურორტზე დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ალბანეთი ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს" - წერს საგარეო.
სამძიმარს გამოთქვამს იორნადიის საგარეო უწყებაც:
"საგარეო საქმეთა სამინისტრო და ემიგრანტები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მთავრობას და ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, უსურვებს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ყველა დაკარგულს უსაფრთხო დაბრუნებას" - წერს საგარეო
შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა - კონტაქტი ვერ მყარდება სტიქიის ეპიცენტრში მყოფ 31 ადამიანთან. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.