"კურორტი შოვი, ფაქტობრივად აღარ არსებობს, მიწასთანაა გასწორებული" - ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - არსებული ინფორმაციით, მაშველები 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია, რომ რაჭაში სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონასთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, იქ იმყოფებიან ადგილობრივებიც, რომლებიც სტიქიის ზონაში შესვლას ითხოვენ, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

სტიქიის ადგილას იმყოფებოდა "მთის ამბების" ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც "მთავარ არხთან" საუბრისას ყვება, რომ მეწყრის შედეგად კურორტი შოვი თითქმის სრულად არის განადგურებული. მისი თქმით, ადგილზე მხოლოდ ორი შენობა დგას, სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეებიც.

"ჩვენ ბოლომდე ვერ შევედით, ვიყავით ჭანჭახის ხიდამდე, ფიზიკურად მეორე მდინარეზე გადასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჭანჭახის ხიდიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს ამ ვითარების სიმძიმე. ფაქტობრივად დიდი შენობებიდან დარჩენილია "რაჭა" და "სანსეტ შოვი", რომელიც შორიდან ჩანს. სასტუმროების შუაში დიდ ტერიტორიაზე აშენებული იყო ძველი კოტეჯები და სასადილო სივრცეები, ფაქტობრივად არცერთი აღარაა - მთლიანად მიწასთან არის გასწორებული და განადგურებულია. ამ კოტეჯების დანგრეული ნაწილები გამოყრილია სხვადასხვა ადგილას, 2-3 ნაძვის გარდა მრავალწლოვანი ხეები დაგლეჯილია და ფაქტობრივად, რაც შორიდან ჩანდა, 2-3 მეტრს აღემატება ღვარცოფის სიმაღლე. ზემოთ აქაური ალპინისტები არიან ასულები, მაშველებს ეხმარებიან, ხის ფიცრებს დებენ, რომ გადაადგილება შეძლონ, შიგნით გადაადგილებაც რთულია, რაც ართულებს სამაშველო ოპერაციას. მეორეს მხრივ, რაც მესმის და რასაც ვხედავ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობიდან ჩავიდნენ უფრო სწრაფად მოახერხეს მიკვლევა. ჯერ ერთი, რომ უფრო კარგად იციან ეს ტერიტორია. არა მხოლოდ შეგუებული არიან, ადგილები იციან, უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, უფრო ადვილად ახერხებენ იქ გადაადგილებას. დღის განმავლობაში რამდენჯერმე სთხოვეს მათთვის მიეცათ შესვლის ნებართვა, რომ ჩართულიყვნენ ძებნის სამუშაოებში, მაგრამ ყველა ჯერზე მიიღეს უარი. პრინციპში, რაც შეიძლება ითქვას, კურორტი შოვი, ფაქტობრივად აღარ არსებობს, სრულიად ტალახითაა გავსებული, განადგურებული, მიწასთანაა გასწორებული", - თქვა გელა მთივლიშვილმა.

სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი