15 ადამიანი გავიჭედეთ, მათ შორის 7 ბავშვი, კიდევ რომ წამოსულიყო ტალღა, ვერ ამოვიდოდით - მოქალაქე შოვში მომხდარს იხსენებს

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მეწყერში მოყოლილი მოქალაქე "მთავარ არხთან" მომხდარის დეტალებს იხსენებს. 

როგორც მარიამ ბერიანიძე ამბობს, სტიქიის დროს ის 4 წლის შვილთან და ქმართან ერთად იმყოფებოდა.

"ზუსტად იმ მთის ძირში ვიყავით, რომელიც მთლიანად ჩამოწვა, მოწყდა და წამოიღო მთელი ქვა-ღორღი, ხეები, ლაფი, ყველაფერი რაც წამოიღო. ამ მთის ქვეშ ვიყავით და ვერტმფრენის ხმა გვეგონა, გაგვიკვირდა, რომ ესე აქ რა უნდა ვერტმფრენს. რომ მივხვდით, რომ რამდენიმე ხე დაეცა, ჩემმა ქმარმა ბავშვი ხელში აიტაცა და გავიქეცით. 

რაღაცა ღობურაზე გადავძვერით, ბავშვი ჩავაგდეთ, რომ როგორმე სწრაფად გაგვეღწია იქიდან. გადავხტით ჩვენც, ავიყვანეთ ხელში ისევ, გავიქეცით, გავიჭედეთ მერე ხიდზე, სადაც მოვარდა ეს პირველი ნაკადი. მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო ხიდმა და მივხვდით რომ უნდა გადავსულიყავით, ვარდებოდა. გადავედით ამ ხიდიდან და შემდეგმა ტალღამ უკვე ჩვენც დაგვარტყა. მოვყევით ამ ღვარცოფში, 4 წლის ბავშვთან და მეუღლესთან ერთად ვიყავით. 

15 ადამიანი გავიჭედეთ, 7 ბავშვი იყო, კიდევ ერთი ტალღა რომ წამოსულიყო, ვერცერთი ვეღარ ამოვიდოდით იქიდან ცოცხალი. დაახლოებით 2 საათი ვიყავით ჩარჩენილები ამ ტალახში და ველოდებოდით ვერტმფრენს. განუწყვეტლივ ვრეკავდით 112-ზე, გვიჯდებოდა ტელეფონი. მე იქ ყველაფერი დავკარგე, არაფერი არ მქონია, ერთადერთი გაგვიმართლა, რომ ჩემს ქმარს ჯიბეში ედო ტელეფონი, რომელიც გადარჩა", - იხსენებს მარიამ ბერიანიძე მომხდარის დეტალებს.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. უკანასკნელი მონაცემებით, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდის სტიქიის ეპიცენტრში მყოფი 30 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი