"წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება" - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს.
"წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები. ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება. პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისთვის ,რომ ვიპოვოთ ის ადამიანები რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება" - ამბობს ქარსელაძე.
შეგახსენებთ, რომ შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089.