მაშველებმა და მოხალისეებმა სტიქიის ზონაში რამდენიმე მანქანა იპოვეს | ბოლო ცნობები შოვიდან

გამოქვეყნდა:

11 გარდაცვლილი და 25-მდე დაკარგული - სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. შოვში ვითარება უმძიმესია. დაკარგულებს ტალახით დაფარულ დასახლებებში ეძებენ. ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს ერთ-ერთი ავტომობილი, თუმცა, ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი მარკა და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩიეს. რამდენიმე მანქანა იპოვეს მოხალისეებმაც, რომლებიც სამუშაოებში არიან ჩართულნი.

"ჩართული გვაქვს საქმეში ჩვენი დრონით და დრონით ვათვალიერებთ მიმდინარე ტერიტორიებს. გუშინ ღამე უკვე, როდესაც მასალას ვშიფრავდით, ვიპოვეთ 2 მანქანა, რომელიც გლოლის სკოლის მიმდებარედ არის ჩაფლული ლაფში. გადავეცით, ბუნებრივია, მონაცემები შესაბამის სამსახურებს. ახლა კიდევ ერთხელ გადავაფრინეთ დრონი,ნუ, ჯერჯერობით მისვლა ვერ ხერხდება, როგორც ვატყობთ. ასევე, იქვე აღმოვაჩინეთ რაღაც სახლის კონსტრუქციის ნაწილი, შესაძლოა ეს ჯიხურიც იყოს, შესაძლოა რაღაც პანელებით აშენებული პატარა სახლის დეტალი იყო, მაგრამ, ნუ, ბუნებრივია, კატასტროფის და ტრაგედიის მასშტაბები წარმოუდგენლად დიდია," - აცხადებს ერთ-ერთი მოხალისე, დავით ქაცარავა. 

მაშველებთან და მოხალისეებთან ერთად სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. 200-ზე მეტი სამხედრო, 400 მეხანძრე მაშველი და მძიმე ტექნიკა ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობს. 

დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით, შეზღუდული ხილვადობის გამო,  სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა ვეღარ შეძლეს. დაკარგულების ოჯახის წევრებს, რომლებიც მესამე დღეა საკუთარ ახლობლებს უშედეგოდ ელოდებიან, ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერებინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი