შოვში, სტიქიური უბედურების ადგილას, სოფო ჯაფარიძესთან ერთად, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და პედიატრები ჩავიდნენ.
საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან, ნებისმიერ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
"წარმოუდგენელია მდგომარეობა დაგვხვდა, მართლაც იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩამოვედი, ჩამოვიყვანე ექიმების დიდი ჯგუფი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, ყველა ერთად, მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ და ამ ადამიანებს, მათ ოჯახებს დავუდგეთ გვერდში. წარმოუდგენელია ის რაც დღეს ხდება, ენით აღუწერელია ის ტრაგედია, რისი მომსწრეებით ჩვენ გავხდით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ბოლომდე მათთან ერთად, ბოლომდე დავუდგებით გვერდში და ნებისმიერ საქმეს გავაკეთებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ფიზიკური თუ მორალური, ყველანაირად ვიქნებით მათ გვერდით, იქამდე სანამ ვიქნებით საჭიროები," - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. უკვე სამი დღეა ადგილზე უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე ეძებენ 25 მოქალაქეს.