წლიდან წლამდე მხოლოდ დაპირებები. პირაქეთა ხევსურეთში მცხოვრებლები საკუთარ სახლებში ნათურის ანთებას უშედეგო ელოდებიან. როგორც კი პროტესტს გამოხატავენ და აქციას გამართავენ, ხელისუფლება მაშინვე ახალ დაპირებას აძლევს, მაგრამ არც ერთი არ შესრულებულა.
ზამთარში უშუქო სოფლებში დარჩენა, სადაც რამდენიმე მეტრი თოვლი ჩამოდის, სიკვდილის ტოლფასია. პირაქეთა ხევსურეთის უშუქო სოფლებში ზაფხულობით გაღებული რამდენიმე სახლის კარი, მალე ისევ მომდევნო ზაფხულამდე დაიკეტება, თუმცა რამდენიმე სახლი, უკვე ზაფხულობითაც აღარ იღება და ასე რჩება სახლები ჩაკეტილი კარით და აჭედილი ფანჯრებით. პირაქეთა ხევსურეთის ბოლო სოფელში რამდენიმე თვეში ერთ ადამიანსაც ვეღარ ნახავთ.