ხელისუფლება ამტკციებს, რომ შოვში სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო - პირველადი დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დღეს, 5 აგვისტოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
ნინო თანდაშვილის მტკიცებით, ანალიზით დგინდება, რომ შოვში მომხდარი მეწყრის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელი იყო.
რა გახდა რაჭაში სტიქიის მიზეზი - პირველადი დასკვნა ხვალ, 6 აგვისტოს გასაჯაროვდება.
"მსგავსი მოვლენის წინასწარ პროგნოზირება, როცა ხდება რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრა ერთობლიობაში, რაც საბოლოო ჯამში ასეთი მასშტაბური ხასიათის სტიქიას იწვევს, ფაქტობრივად პრაქტიკულად შეუძლებელია, ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველანაირ მონაცემს ვუკეთებთ ანალიზს, მათ შორის, იმ მონიტორინგის სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც ჩვენ გვაქვს ხეობაში, ეს ეხება, როგორც წყლის დონის მზომ სადგურებს, როგორც მეტეოროლოგიურ სადგურებს და რასაც ვხედავთ ამ მონაცემების და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მსგავსი მასშტაბური სტიქიის პროგნოზირება წინსწრებით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა", - თქვა ნინო თანდილაშვილმა.
ცნობისთვის, "მთის ამბებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირების და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მტკიცება, რომ შოვში სტიქია სხვადასხვა მიზეზის ერთობლიობამ გამოიწვია, არის მცდარი.
როგორც "მთის ამბები" წერს, მათმა ჯგუფმა დაათვალიერა მდინარე ბუბას და ჭანჭახის ხეობები - მდინარე ჭანჭახი, რომელიც სათავეს მყინვარ ჭანჭახიდან იღებს და მისი შენაკადები, შოვამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში საერთოდ არ ადიდებულა.
მათივე ცნობით, შოვის ხევში მომხდარი ტრაგედია ბუბას ხეობაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა, წყლის დაგუბებამ და ღვარცოფმა გამოიწვია.