თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ შოვში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან

გამოქვეყნდა:

​თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს. თუმცა, ბურჭულაძეს მათი რაოდენობა ან ვინაობა არ დაუკონკრეტებია. 

"მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. იცით თქვენ, რომ ის სრული შემადგენლობა, რაც გავითვალისწინეთ ჩვენ აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად უკვე ადგილზეა. ჩვენ გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ.

მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ჩვენ ვუყურეთ აქ, ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, არასრულწლოვანის რამოდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ," - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. 
უწყების თქმით, აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურეებსა და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 17 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. 

შოვის ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი