ქვეყანა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ამ მწარე გამოცდილებიდან საზოგადოება სწავლობს თავის გაკვეთილებს. სამაშველო სამსახურების შესაბამისი აღჭურვა, სამაშველო ვერტმფრენების კატასტროფული დეფიციტი, ბუნებრივი რისკების ზონაში მონიტორინგის დანერგვა, ღვარცოფებისა და გეოლოგიური კატაკლიზმების ზონაში მშენებლობის შეზღუდვა და მკაცრად კონტროლი და ა.შ. სია ძალიან გრძელი და სევდიანი გამოდის, რადგან თითოეული ამ კომპონენტის შესრულების შემთხვევაში მსხვერპლი სულ უფრო და უფრო მცირე იქნებოდა.
მაგალითად, ღვარცოფული მოვარდნის ზონაში, რომლის თავზეც მყინვარი კატასტროფული ტემპებით დნება, მონიტორინგის გამართული სისტემა შოვში მყოფ მოქალაქეებს 10-დან 40-წუთამდე დროს მისცემდა. უფრო მეტი ადამიანი მოასწრებდა გაცლოდა მყინვარული ღვარცოფის კალაპოტს.
სამშენებლო ნორმატივების დაცვა და ბუნების კანონების გათვალისწინება კიდევ ვიღაცას გადაარჩენდა, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენების არსებობა და სრულად ეკიპირებული მაშველები ვიღაცას ცოცხალს მიუსწრებდნენ და ასე შემდეგ.
არავინ დაობს იმაზე, რომ კლიმატის ცვლილებას ან ბუნებრივ კატასტროფებს ვინმე, ან რამე შეაკავებს, მაგრამ რისკების კონტროლი და თადარიგის დაჭერა ნამდვილად დაზოგავს ადამიანების სიცოცხლეს. არადა ნიშნები იყო, რისკებიც ცნობილი იყო, მაგრამ მიდგომა, "ახლა იყოს და მერე რაღაცა იქნება", როგორც წესი ნიშნავს იმას, რომ მერე უბედურება დატრიალდება.