2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ამბობს, რომ 15 წელია ვითარება არ იცვლება და ისევ გვიწევს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, რომ საქართველოში მაინც ჰქონდეს ქვეყნის პირდაპირ მტერს შეზღუდვები.
"აგვისტოს დღეები განსაკუთრებულად ემოციური და ტკივილიანი დღეები გვაქვს. 15 წელია, ფაქტიურად, ვითარება არ იცვლება. მაშინ თუ იარაღით იბრძოდნენ, თუნდაც ეს ჩვენი გმირები, დღეს მოქალაქეებს გვიწევს რაღაც-რაღაცებზე პროტესტები, პროტესტის გამოთქმა და თუნდაც ბრძოლა მოქალაქეობრივი კუთხით, რათა ჩვენს პირდაპირ მტერს, რუსეთს, გარკვეული შეზღუდვები ჩვენს ქვეყანაში მაინც შევუქმნათ. ცალსახად, ჩვენი ოჯახები ვაფიქსირებთ იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამპყრობელია, რუსეთი მტერია და მათ ნამუსზე არის ამდენი ახალგაზრდა მებრძოლის სისხლი," - ამბობს თეა ტაბატაძე.
2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმაც. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან მივიდნენ "სტრატეგია აღმაშენებლის," "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი.
დაღუპულთა შორის იყო აგვისტოს ომის გმირი შმაგი სოფრომაძეც - 24 წლის ჯარისკაცი, რომელიც დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. მას საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. ჯარისკაცს ხელებზე შეატყვეს, რომ ტანკისტი იყო და დახვრიტეს. დაღუპვის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ასევე ნახეთ: