არასდროს წაიშლება ის, რაც ჯერ ბავშვობაში ჩემ ქვეყანაში ვნახე და მერე უკრაინაში, რუსების საშინელებები - შიდა ქართლში აგვისტოს ომს იხსენებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ დღეებს იხსენებენ შიდა ქართლში, რეგიონში, რომელსაც ომის კვალი ამ დრომდე ეტყობა. შიდა ქართლში რუსეთი ახლაც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და მოსახლეობის ტერორს.

"მთავარი არხი" ასევე ესაუბრა გიორგი კასრაძეს, ერგნეთის მცხოვრებს, 2008 წელს ის არასრულწლოვანი იყო და საკუთარი თვალით ხედავდა იმ სისასტიკეს, რასაც მის სოფელში რუსეთის ჯარი ჩადიოდა. ახლა გიორგი კასრაძე ჯარისკაცია და ოკუპანტებს უკრაინაში ებრძვის. 

"იმ ომში დაიღუპნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე ჩვენი გმირები, ქედს ვიხრი მათ წინაშე. რუსეთი იყო ოკუპანტი, არის და მუდამ დარჩება ჩემ მეხსიერებაში. არასდროს არ წაიშლება ის, რაც ჯერ მე ბავშვობიდან ჩემ ქვეყანაში ვნახე და რაც მერე მე უკრაინაში ვნახე მათი ჩადენილი ვანდალიზმი და საშინელებები", - ამბობს გიორგი კასრაძე. 

ვეფხია კასრაძე იხსენებს, რომ სოფელი 10 აგვისტოს, ღამით დატოვეს, ორ დღეში კი უკან დაბრუნდნენ შემოვლითი გზებით. მისი თქმით, ადგილზე ყველაფერს ცეცხლი ეკიდა.

"15 წელი გახდება რაც რუსეთი თავს დაგვესხა და ააოხრა შიდა ქართლი, განსაკუთრებით ჩვენი სოფელი, რადგან პირველი დარტყმა ამ სოფელზე განახორციელა. თუკი ჩვენ რაიმე ცუდი გაგვიგია, ყველაფერი განახორციელა რუსეთმა და ამას ახორციელებს დღესაც უკრაინაში, ხელწერა არის ერთი და იგივე და უფრო სასტიკი, ვიდრე ჩვენთან იყო", - ამბობს ლია ჩლაჩიძე, ომის მუზეუმის დირექტორი, ერგნეთის მცხოვრები.

2008 წლის აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ შინდისის გმირები, 17 ჯარისკაცის მემორიალი დღეს გვირგვინით შეამკეს "ლელოს" ლიდერებმა.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი