საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. როგორც თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეხანძრე-მაშველები სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ და დღეს 8 ლოკაციაზე მიმდინარეობდა მუშაობა.
მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები იმ კონკრეტულ ლოკაციაზე სადაც სხვადასხვა ნივთების ფრაგმენტები იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა, მიუსამძიმრა ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.
"პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი ვუთხრა ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, რომელიც უეცრად გარდაიცვალა დღეს საღამო ხანს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა და უეცარი გულის გაჩერებით გარდაიცვალა. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით ორი საათის უკან ახალი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც დაიწყო საძიებო სამუშაოები. აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გახდა საფუძველი. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო გვაძლევს საფუძველს, რომ იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, შედეგები შეიძლება გვქონდეს საძიებო კუთხით. დღეს 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით. მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, ორივე მიმართულებით, ფაქტობრივად, დასრულებულია გზა. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება ხიდის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე კალაპოტშია მოქცეული და პარალელურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. სამწუხაროდ, მონაცემები დღეს არ შეცვლილა და ისევ იგივე მონაცემებია. ღამის გეგმები ისევ ისე გრძელდება იმ კონკრეტულ ლოკაციაზე დღესაც გარკვეული ფრაგმენტები იყო ნანახი საოჯახო ნივთების, ადამიანის ტანსაცმლის და იგივე ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს ისევ საძიებო სამუშაოები", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, მღებრიშვილმა იმ ვერტმფრენებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა შესყიდვის პროცედურებიც დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც მან აღნიშნა, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება", - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.