შოვში კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს - ნაპოვნია, ასევე, ცალკეული ცხედრის ფრაგმენტი

გამოქვეყნდა:

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ინფორმაცია "მთავარ არხს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, დაუდასტურა. ცხედარი ქალს ეკუთვნის. მღებრიშვილის განცხადებით, ნაპოვნია ასევე სხვა ცხედრის ფრაგმენტი. 

"გიდასტურებთ, კი ბატონო. მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი. ასევე, ნანახია, ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რომ უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოვოთ იქ ძებნა-შველის არეალი...[იდენტიფიცირებაზე] საუბარი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ნაადრევია. გადასვენდება პროზექტურაში და მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ, ფაქტიურად, დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ გარკვეული სპეციალური აღჭურვილობა, რის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით და ასეთი აქტიური ფაზაა ახლა საძიებო სამუშაოების," - განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვსის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. მაშველები მიწით დაფარულ დასახლებაში 16 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვებიც.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი