შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა.
„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ. იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-შიც, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, ოპერატიული-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების შედეგად ზურაბ ბიბილეიშვილი პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.
„დეტალები არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ დაკარგულების სიაში იყო და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ... ჯერჯერობით მაგ მიმართულებით კითხვები არსებობს. რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.