15 წელი აგვისტოს ომიდან და ხელისუფლებისაგან მიტოვებული საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა - ბოლო ერთი კვირაა სოფელ კირბალს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან და დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივებს ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც, თუმცა, კირბალში ისინი დღეს არ გამოჩენილან. ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თქვეს, რომ პრობლემას საკრებულოს სხდომაზე გააჟღერებენ.
"მთავარი არხი" დაუკავშირდა გორის მერიასაც - უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, როდის მოგვარდება წყლის პრობლემა კირბალში, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ოკუპანტების მხრიდან გრძელდება მშვიდობიანი მოქალაქეების ტერორი. ადგილობრივებს ოკუპანტები ავიწროებენ და ე.წ. საზღვრის გადმოწევით ცდილობენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები დაიცალოს. კირბალის გარდა, ანალოგიური პრობლემა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ თითქმის ყველა სოფელში აწუხებთ.