ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებით, რომელიც დამონტაჟებული გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე რადარული სისტემებით, იქ არ გამოვლენილა ისეთი პროცესი რაზეც ჩვენ შეიძლებოდა რომ წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მტკიცებით, სატელიტური მონაცემებიც ადასტურებს, რომ ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია:
"წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით. ერთი არის სატელიტური მონაცემები, რომლებიც არ აჩვენებს, რომ იქ რაიმე შეგუბებას ჰქონდა ადგილი და მეორე არის - წყლის დონის მზომი სადგური, რომელიც დაყენებულია 2 მდინარის შესართავზე და გვაწვდის ინფორმაციას ამ მდინარის აუზში არსებული წყლის დონეების შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული მდინარე ჭანჭახისთვის, ბუბისწყალიც თავის წილ წყალს ამატებს ჭანჭახს, შესაბამისად, სპეციალისტებმა როდესაც დაითვალეს, აქ ჩვენ მონაცემების ცვლილება არ გვინახავს, წყლის ძალიან რადიკალური კლება, ან მომატება არ გვინახავს სტიქიის პროცესამდე, ეს მოწმობს, რომ გადაკეტვას, ანუ ე.წ. ძლიერ შეგუბებას ხეობის ზედა ნაწილში ადგილი არ ჰქონია" აცხადებს თანდილაშვილი.
რაც შეეხება ადრეულ სისტემებს. მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ადრეული განგაშის სისტემების განვითარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კვლევებსა და შეფასებებზე იმისთვის, რომ დადგინდეს, საერთოდ იმუშავებს თუ არა ასეთი ტიპის სისტემები კონკრეტული ტიპის ხეობებში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, შოვში განვითარებული სტიქიის გამომწვევი მიზეზები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, გეოლოგები და ჰიდროლოგები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ის დამატებითი მასალები განიხილეს, რომელიც სატელიტურ მონაცემებს ეყრდნობა.