მიწით დაფარულ შოვში ამ დროისთვის 12 ადამიანს ეძებენ, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ოფიციალურ სტატისტიკაზე მეტი იყოს. შსს დაკარგულების სიას 112-ში შესული ზარების მიხედვით ადგენს, ანუ ვისზეც უწყებას დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ სტიქიური უბედურების დროს ნამდვილად რაჭაში იმყოფებოდნენ.
თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. ეს ვარაუდი კი რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ შოვი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი იყო, დამსვენებლების გარდა იქ დიდი ალბათობით სხვა ვიზიტორებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ. მაღალი ტემპერატურის გამო სტიქიის ზონაში შესაძლოა ახლა პრობლემა გაჩნდეს და სხვადასხვა ინფექციების გავრცელების ზონად იქცეს.
''მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული, პირბადეების საშუალებით და ა.შ. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი იყოს იმ პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციებში." ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ სხეულის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პუნქტებს და გაიკეთონ აცრა.
როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 ადამიანს ისევ ეძებენ.