წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუჟავას მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე ტებენაზე წყლის დინების შეწყვეტა და დაგუბება გამოიწვია. ძლიერმა წვიმებმა ბოლო დროს დასავლეთ საქართველოში ბევრ ადგილზე გამოიწვია მეწყერი, თუმცა ტებენას შემთხვევაში, შესაძლოა, მასშტაბი გაცილებით დიდი იყოს.
მთის ძირშია სოფლები მუჟავა და ფახულანი, რომელსაც გადმოჰყურებს ის მთა, რომლის კალთაზეც წყალია დაგუბებული, კლდის ნაწილი ქვებადაა ჩამოშლილი. ამ მთის ძირში გადის ენგურჰესის სადერივაციო გვირაბი, რომელიც ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს.
"სიტუაციაზე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობამ, მაშინვე დაიგეგმა ექსპედიცია და დადო სურათი.ჩვენ ჩავრთეთ შესაბამისი სამსახურები, ჩავრთეთ სამხარეო ადმინისტრაცია და გუშინ ჩამოვიდნენ გეოლოგები. ველოდებით დასკვნას, მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ დაიდოს დასკვნა, რადგან მოსახლეობა სტრესულ სიტუაციაშია შოვის ტრაგედიიდან გამომდინარე, ასევე ხელისუფლების უსუსურობისგან გამომდინარე და ამიტომ. სასწრაფოდ არის დასადები დასკვნა, რომელიც ასახავს რეალობას. დაგუბებული არის წყლის დიდი მასა, რომელიც მეწყრის შედეგადაა შექმნილი და ანალოგიურ სიტუაციაში სპეციალისტებმა უნდა დადონ დაზუსტებული დასკვნა, თუ რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გეოლოგების სპეციალური ჯგუფის ჩამოყვანას ითხოვს, რათა დადგინდეს უსაფრთხოა თუ არა მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება.
ავტორი: ემა გოგოხია.