24-დან 20 ცხედარი იდენტიფიცირებულია - შოვში დღეს სამი გარდაცვლილი იპოვეს, ერთ-ერთი, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ/ში

გამოქვეყნდა:

გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. მაშველებმა დღეს სამი ცხედარი იპოვეს. ერთ ერთი გარდაცვლილის კვალს  სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის დაშორებით, მდინარის პირას მიაკვლიეს.  ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის სხეულის ნაწილი. სამძებრო სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სწორედ მდინარის კალაპოტის გასწვრივ, ნავების დახმარებით გრძელდება. ამ დრომდე ეძებენ 9 დაკარგულს. 24-დან 20 ცხედარი იდენტიფიცირებულია

წინასწარი ვარაუდით, სამიდან, ორი ცხედარი მამაკაცისაა.

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში.  გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით. პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება.

ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი. ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან  20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40 %“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. 

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი