რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ შოვში, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენა დაფიქსირდა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა.
მარგველიძე ასევე ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა.
"24 ადამიანია ამოყვანილი და ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამას გარდა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არეალი, სამძებრო სამუშაოების. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი. ეს დამახასიათებელია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდგომ. ვინაიდან, ცუდი ხილვადობა იყო გვიან ღამით, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენით და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვანი ქვათა ცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილითვე უკვე განახლდა საძიებო სამუშაოები," - ამბობს მარგველიძე.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 პირს კი აქამდე ეძებენ.