ტურისტული პოტენციალის მქონე სოფელი ზოდი ნგრევის პირასაა. ადგილობრივების თქმით, მეწყერსაშიში პროცესები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.
სოფლის მცხოვრებლები ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე საუბრობენ და ხელმოწერების შესაგროვებლად ემზადებიან - იმისათვის, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" სამუშაოები შეაჩეროს და სოფელი ზოდი დატოვოს.
ადგილობრივები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისთვისაც ემზადებიან. როგორც ისინი ამბობენ, მათ არაერთხელ მიმართეს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, მმართველი პარტიის ლიდერებს ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
"ჩვენ ვაპირებთ ზოდის მოსახლეობის ხელმოწერების შეტანას, რომ მთლიანად ზოდიდან გავიყვანოთ [ჯორჯიან მანგანეზი]. მანამ იქნება ეს პროტესტი, სანამ არ წავლენ და შავით თეთრზე არ დაწერენ, რომ ზოდს დაივიწყებენ. გავყარეთ ქვეკონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამ ყველაფრის შემდგომ, იმის შემდგომ რაც შოვში მოხდა, გაბედეს და შემოვიდნენ. როგორც გვითხრეს, დადებენ დასკვნას, თუმცა მე არ მაქვს მათი ნდომა. არ დავუშვებთ ჯორჯიან მანგანეზის ქვე კონტრაქტორების მიერ მანგანუმის მოპოვებას, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოპოვებითი პროცესი არის აბსოლუტურად ყველა კანონის დარღვევით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რაც შეეხება კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს," ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.