ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხეულას კალაპოტის ნაწილი ჩახერგილია, რის გამოც წყალი შეგუბდა. მეწყერმა წაიღო სამანქანო გზაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მეწყრული პროცესები გაგრძელდა, დატბორვის საფრთხის წინაშე იქნებიან. მეწყრული პროცესები ვაყაში გასულ წელს დაიწყო, საავტომობილო გზა კი გაზაფხულზე ჩაიტანა.
ადგილობრივებმა დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
"შიში გვაქვს, საიდან სად მოწყდა ის გზა, თითისტოლა ბავშვები დარბიან, ახლოსაა მოსახლეობა, სახლები. ყველამ შეიტყო, ყველამ გულთან მიიტანა, ტყუილად ვერ ვიტყვი ცოტას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"მთავარ არხს" ხაშურის მერიაში უთხრეს, რომ ვაყაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან, ორჯერ გამოაცხადეს ტენდერი, თუმცა ორჯერვე ჩაიშალა. ბიუჯეტიდან პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი, ხელისუფლება ამბობს, რომ ახლა მესამე ტენდერის გამოცხადებაზე მუშაობა მიმდინარეობს.