საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის, თქმით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკა არ შეცვლილა.
13 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 პირს კი ამ დრომდე ეძებენ. როგორც მღებრიშვილი ამბობს, აღმოჩენილია ადამიანის ოთხი ფრაგმენტიც.
მღებრიშვილის თქმითვე, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში, გადამოწმებულია მიწის მასის 60%.
"გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა, არის 24 ადამიანი, დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს და ასევე, როგორც მოგახსენეთ, 4 ფრაგმენტია ადამიანის აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები და აი, ეს სიტუაციაა.
აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო, ვისარგებლო შემთხვევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, ეს მნიშვნელოვანია და რატომ, მინდა ავხსნა 2 სიტყვით. თქვენ იცით, რომ მოხალისეების გარკვეული ნაწილი თვითნებურად ცდილობდა რაღაცა მოძრაობებს. წითელი ჯვრის საშუალებით დარეგულირდა ეს საკითხი და, ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები, გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით...
რაც შეეხება მიწის მასის გადამოწმებას, ეს არის 60%. იცით თქვენ, რომ 26 ჰექტარზეა საუბარი, ჩამოწოლილი მასის პერიმეტრს და 5 მილიონი კუბური მეტრი, როგორც გეოლოგებმა განაცხადეს," - თქვა მღებრიშვილმა.