დღეს, საღამოს 21 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაბრაზებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა იქნება, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლასაც გააპროტესტებენ და მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, გუშინ, სტიქიის მე-11 დღეს, შს მინისტრი შოვში პირველად ჩავიდა და აღიარა, რომ ღამის ფრენის საშუალებები აქვთ, თუმცა "თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული".
დღეს კი "ოცნების" თავმჯდომარემ სტიქიას საკუთარი ძალებით გადარჩენილი ადამიანები ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ "სპეკულაციაა", თითქოს, "ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა".