ქსნის ქუჩის მიმდებარედ, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, სადაც დღეს გამთენიისას ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა სპეციალისტები მუშაობენ. ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა, თუმცა მას მუშაობა ჯერ არ დაუწყია. გეოლოგებისა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობისა და გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგია.
ერთ ლიანდაგზე მოძრაობა აღდგენილია. "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ადგილობრივებთან გასაუბრების მიხედვით დადგინდა, რომ თვითმმართველობა ტერიტორიაზე ქვათაცვენასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო. მისივე თქმით, რკინიგზამ უნდა უპასუხოს კითხვას, იყო თუ არა აღნიშნული საფრთხეები შეფასებული და რისკები გათვლილი.
"პირველი ხაზი გათავისუფლებულია და რიგ-რიგობით, მონაცვლეობით, ამ ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. მეორე ხაზი დღეს, დღის ბოლომდე, შეგვპირდნენ, რომ იქნება გათავისუფლებული. კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით, რომ ქვები ცვიოდა, ასეთი განცხადება ჩვენ არ გვაქვს და მეორე, თუ ქვები ცვიოდა რკინიგზაზე, რკინიგზის სამსახური ყოველთვის აკონტროლებს ლიანდაგს რომ იყოს უსაფრთხო და უშიშრად იმოძრაოს მატარებლის შემადგენლობამ, ეს უნდა ჰკითხოთ რკინიგზას", - თქვა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბეჟან ხუციშვილმა.