"სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები... არის ნგრევის საფრთხე" | მოსახლეობისა და ენმ-ს აქცია რიკოთზე და გზების დეპარტამენტის პასუხი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, დღეს, 17 აგვისტოს, ენმ-ის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რიკოთზე აქცია-ბრიფინგი გამართეს.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივების სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები, რამაც ნგრევის საფრთხე შექმნა. 

მისივე თქმით, მშენებლობებთან დაკავშირებით პარტიამ საჩივარი მოამზადა. 

"საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრია. მათი სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები და არის ნგრევის საფრთხე, დღეს ადამიანები არიან შეკრებილები და მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციაზე, გულგრილობაზე, უნდა მოვთხოვოთ პასუხი საქართველოს მთავრობას, ირაკლი ქარსელაძეს, ჩინურ კომპანიას. პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს რიკოთის უღელტეხილზე. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვამზადეთ საჩივარი. ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ საჩივარს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც აქვს კონკრეტული საფრთხე. ამას სჭირდება დროული რეაგირება ხელისუფლებისგან. ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რამხელ საფრთხის შემცველია ის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ჩინური კომპანია. მივმართავთ გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ," - განაცხადა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე.

საპროტესტო აქციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა. როგორც უწყება ამტკიცებს, ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრებით მიმდინარეობს. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტს, სოფელ ფუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა განმარტებები, სიუჟეტებში არ ასახულა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია

იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზესტაფონის სოფელ ფუთთან გვირაბის გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბი #3-ზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის განხორციელების პროცესში საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ჩატარდა გვირაბის 250 მეტრიან დერეფანში არსებული ყველა შენობის წინასწარი კვლევა (სოფელ ფუთში). თაბაშირებით მოინიშნა ყველა ნაგებობის იმ დროისათვის არსებული ბზარები

გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ახალი ავსტრიული, ე.წ. NATM მეთოდით, როგორც მცირე მუხტის აფეთქებების, ისე ექსკავაციის და სხვა მეთოდების გამოყენებით 

სამუშაოების პირველივე დღიდან, წარმოებს ვიბრაციის მუდმივი მონიტორინგი

ვინაიდან, ვიბრაციის მონიტორინგის შედეგების მიუხედავად, მოსახლეობა წუხდა ვიბრაციის მაჩვენებლების გადაჭარბებაზე, სამუშაოებით გამოწვეული ვიბრაციის გადამოწმება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაუკვეთა უახლესი აპარატურით აღჭურვილ, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს

2022 წლის 12 აპრილს, ხიდსაცდელმა ცენტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის,  საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებისა და ფუთის მოსახლეობის თანდასწრებით, ვიბრაციის კვლევა ჩაატარა გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. კვლევის შედეგად, ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა

2022 წლის 8 და 9 აგვისტოს, ვიბრაციის დამატებითი კვლევა, ასევე, ჩატარდა ფუთის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე. ვიბრაციის გადაჭარბება არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა

ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში, სოფელ ფუთში, ჩიტორელიძეების უბნის მაცხოვრებლების თხოვნით, შემოწმდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობაც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის თანახმად, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა

გვირაბი N3-თან მდებარე უახლოეს, გვირაბიდან 63 მეტრში მდებარე სახლზე, ვიბრაციის კვლევა, 2023 წლის 27 აპრილსაც ჩატარდა. ვიბრაციის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც იყო მინიმალური.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელმა ცენტრმა ვიბრაციის კვლევა ჩაატარა 2023 წლის 12, 19, 24, 31 მაისსა და 01 ივნისსაც. შედეგების მიხედვით, ვიბრაციის მაჩვენებელი კვლავ ნორმაში იყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუდმივ მონიტორინგს, ხოლო #3 გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, განმეორებით მიმართავს სამხარაულის  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სოფელ ფუთის საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და მათზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით

ამჟამად, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები გაცდენილია დასახლებულ ტერიტორიას და მიმდინარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით 

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, გვექნება საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არა გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესების გატარებაა, რაც მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება", - წერს გზების დეპარტამენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი