რაჭაში 27-ე დაკარგული ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველების ამოცანა ყოველდღიურად უფრო რთულდება და სამოქმედო არეალი სულ უფრო ფართოვდება. შოვში დამეწყრილი ტერიტორიიდან ცხედარი დღეს რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებითაა აღმოჩენილი - რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის წარმოდგენას სტიქიის ტრაგიკული მასშტაბების შესახებ.
ახლა საძიებო სამუშაოები ძირითადად მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში გაგრძელდება. თავად შოვში ჩამოწოლილი მიწის მასა პრაქტიკულად მთლიანად დამუშავებულია. მაშველებმა, პოლიციამ და სამხედროებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით 30 ჰექტარი ფართობის ტერიტორია შეისწავლეს. ამ დრომდე არ არის ნაპოვნი 6 ადამიანის ცხედარი.