ომბუდსმენის აპარატი არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკულ ანალიზს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოების მიერ 2013-2019 წლებში 68 სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 131 გადაწყვეტილება იქნა შესწავლილი, - ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის მიზანს წარმოადგენდა გამოვლენილი პრობლემების მიზეზების დადგენა, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის მაკრიმინალიზებელი ნორმების საკანონმდებლო დეფინიციის თვალსაზრისით. შესაბამისად, კვლევა მოიცავს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ნაკლოვანებებს. დამატებით, სპეციალური ანგარიში შეისწავლის არასათანადო მოპყრობისთვის განსაზღვრული სასჯელის პროპორციულობისა  და აღსრულების საკითხს საპროცესო შეთანხმების, ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების მიმართულებით.

წინამდებარე სპეციალური ანგარიშით შესაძლებელი გახდა საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა, პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ამასთან, წინამდებარე ანგარიშის გამოყენებით შესაძლებელი გახდება საერთო სასამართლოების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და განმარტებების განზოგადება და საგამოძიებო ორგანოებისთვის სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადება. 

შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა მოხელეების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების სამოხელეო დანაშაულის ზოგადო ნორმებით კვალიფიკაციის შემთხვევები. ამ პრაქტიკას საკანონმდებლო ხარვეზი განაპირობებს; კერძოდ, სსკ-ის 332-333-ე მუხლების მე-3 ნაწილების „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს, რაც მოხელის მიერ ძალადობით, იარაღის გამოყენებით, ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მოიცავს არასათანადო მოპყრობის სპეციალური - სსკ-ის 144 პრიმა, 144 სეკუნდა და 144 ტერცია მუხლების საკანონმდებლო დეფინიცია. 

შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში საჭიროა არასათანადო მოპყრობის პრევენციული ეფექტის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით (სსკ-ის 144 პრიმა, 144 სეკუნდა და 144 ტერცია მუხლები) და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი