''გული გამოუღეს მდინარეს'' | კინტრიშის კალაპოტში მოპოვებითი სამუშაოების გამო, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

''გული გამოუღეს მდინარეს'' - ამის შესახებ აჭარაში, ადგილობრივები საუბრობენ და მდინარე კინტრიშის კალაპოტში მიმდინარე სამუშაოებს ეხმაურებიან. ინფორმაციას გამოცემა ''ბათუმელები'' ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ქვიშა-ხრეშს მდინარე კინტრიშის კალაპოტში, ხოცუბნის ისტორიულ ხიდთან ახლოს იღებენ. მედიის ინფორმაციით, ჩამოჭრილია მდინარის მარჯვენა გვერდზე მდებარე ფერდი, გაჩეხილია ათობით ხე, რომლებიც ამ ფერდზე იდგა, კალაპოტის ერთ ნაწილშია გასატანად გამზადებული ქვიშის გორები, მდინარე გადაგდებულია მარცხენა მხარეს, ხოლო შუაგულში მიმდინარეობს ინერტული მასის ამოღება. 

ცნობილი ხდება, რომ მდინარე კინტრიშში სველი წესით ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება კომპანია ''მაინინგ გრუპმა'' პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მიიღო. კომპანია ლიცენზიისგან გათავისუფლებულია. 

''გვითხრეს, რომ ლიცენზია გაცემულია, მაგრამ ყველანაირ პირობას არღვევენ. მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და შუა მდინარეში ხდება მოპოვება. მდინარე ნაკადულად აქციეს, იქნებ თქვენ შეძლოთ ჩვენი დახმარება'', - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემასთან. 

მდინარიდან ნატანის ამოღება ანთროპოგენული ხასიათის ქმედებაა. ის ზეგავლენას ახდენს გარკვეული მცენარეების გავრცელების უბნებზე და მდინარეში, ზღვისპირას ან ხმელეთზე გავრცელებულ ცხოველთა სახეობების ქვირითობის, კვებისა და ბუდების არეალებზე. 

''მდინარეთა სისტემები ხმელეთის ზღვებსა და ოკეანეებთან დამაკავშირებელი ერთგვარი დერეფნებია. ისინი წყლისა და ნატანის გადაადგილებით, აყალიბებენ მდინარის სანაპიროებისა და ჭალის ჰაბიტატბეს. მდინარის შესართავთან ქვიშის მუდმივი ტრანპორტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესართავისა და სანაპირო ზოლის სტაბილურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ეს ბუნებრივი, პირველადი თავდაცვითი საშუალებაა შტორმებისას და ექსტრემალური ამინდის მოვლებისას - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ''მწვანე ალტერნატივას'' ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი