რაჭაში სტიქიის დაწყებიდან მე-17 დღეს ექსპერტიზამ დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვაც დაადასტურა. ზაზა მესხი ცოლთან და 3 შვილთან ერთად ისვენებდა. სტიქიიდან მეორე დღეს ქუთაისის სასამართლოს ექსპერტიზამ მისი მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას გარდაცვალება დაადასტურა. ამ დრომდე ვერ პოულობენ ზაზა მესხისა და მისი 2 მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარს.
პროკურატურა ადასტურებს, რომ შოვის ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა დანაშაულს, თუმცა არ აკონკრეტებს ჩაიდინა თუ არა დანაშაული საქართველოს ხელისუფლებამ. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის ოჯახის უფლებებს იცავს. ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ პროკურატურამ დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო, თუმცა საქმეში არ დაამატა სამოხელეო დანაშაულისა და ადამიანის განსაცდელში მიტოვების მუხლები. ორგანიზაცია პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მესამე სექტორისთვის განსაკუთრებით საეჭვო პროკურატურის უარია, საქმის მასალების გადაცემაზე. ადვოკატებს აინტერესებთ, რატომ არ მუშაობდნენ სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოების დროს ადგილზე ექსპერტები და რატომ არ ასურათებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის ცხედრებს. იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გამოძიება ობიექტურად წარიმართება და გამოსავალ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავენ.
მთავარი კითხვაა, იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველივე კრიტიკულ საათებში. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ უთხრა ხელისუფლებამ უარი სტიქიის ზონაში დრონების აფრენაზე, მას შემდგომ, რაც მისი სამუშაოებში ჩართვისთანავე დრონმა 3 მანქანა დააფიქსირა. დავით ქაცარავას მიმართავს ხელისუფლებას გაასაჯაროოს კადრები, როდის ჩაერთო სამუშაოებში თერმული დრონები.