როდის დასრულდება ისტორიული პარკის რეაბილიტაცია გორში - სკვერი 3 წელზე მეტია ადგილობრივებისთვის დაკეტილია, გახსნის თარიღი კი რამდენჯერმე გადაიდო. ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს, ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ გახარჯული მილიონების მიუხედავად, სამუშაოების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა პარკში მათ აგრესიით დახვდნენ. კითხვაზე, როდის გაიხსნება პარკი კი ასე უპასუხეს: "როცა გაიხსნება გაიგებთ".
მოგვიანებით "მთავართან" კომენტარი გააკეთა სამუშაოების ხელმძღვანელმა. მისი მტკიცებით, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა და მხოლოდ იმ კონსტრუქციების მშენებლობა გაჭიანურდა, რაც პროექტს მოგვიანებით დაემატა.
"ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. შადრევნის პროექტი ბოლოს დაემატა და თითქმის დასრულებულია, მოპირკეთება უნდა და ა.შ.. ჯერჯერობით არის ვადა, ეს ბევრჯერ გადაიწია. რატომ - ამას ბევრი მიზეზი აქვს. ბოლოს როგორ იქნება არ ვიცი, კიდევ რაღაცები დარჩა, მაგრამ მშენებლობა რაც იყო, თითქმის ყველაფერი ბოლოსკენაა, ღობე, შადრევანი, ა.შ., რაზეც ცოტა გვიან შევიდა ცვლილება, დანარჩენი მიდის ჩვეულებრივ", - თქვა სამუშაოების ხელმძღვანელმა მთავართან.