21 აგვისტოს კრწანისის პოლიგონზე NATO-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Agile Spirit (მტკიცე სული) 2023 გაიხსნა.
წვრთნებში მონაწილეობას იღებს 3 500-ზე მეტი ჯარისკაცი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები.
უცხოელმა სამხედროებმა საქართველოში სწავლებებზე დასასწრებად ჩამოსვლა 19 აგვისტოს დაიწყეს.
წვრთნების დაწყების შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტზე დაქვემდებარებული თავდაცვის ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოებში კი ჩანს, რომ წვრთნების გახსნის ღონისძიებას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.
სამხედრო წვრთნები პირველ სექტემბერს დასრულდება და ის საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.